Monday, January 21, 2013

ჩვენ შესახებ



ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა 2006 წელს. 2006-დან 2011 წლამდე მის შემადგენლობაში შევიდა ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სულხან საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია, გურამიშვილის პედაგოგიური კოლეჯი, გოგებაშვილის პედაგოგიური კვლევითი ინსტიტუტი, ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია, სეისმოლოგიური მონიტორინგის ცენტრი, ზოოლოგიის, ბოტანიკის, გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის, პოლიტოლოგიის, დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის და სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტები.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოადგენს სტუდენტთა და პროფესორთა კავშირს - მრავალფუნქციურ საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებას, რომელშიც სტუდენტების, პროფესორების, მასწავლებლებისა და მკვლევარების თანამშრომლობით იქმნება აკადემიური და პროფესიული განათლებისა და კვლევის ერთიანი სივრცე.
ერთიანი სივრცე ემყარება სამ პრინციპს:
  • აკადემიურ თავისუფლებას;
  • სინდისის თავისუფლებას;
  • არჩევანის თავისუფლებას.
ეს პრინციპები გამომდინარეობს ერთმანეთისაგან და განაპირობებს ერთმანეთს: 
სტუდენტები, მასწავლებლები, მკვლევარები და პროფესორები თავისუფალნი არიან, აირჩიონ კვლევისა და შესწავლის სფეროები, მიმართულებები, აგრეთვე თანამშრომლები და ხელმძღვანელები; არავის აქვს უფლება, პოლიტიკური ან მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე, აუკრძალოს სტუდენტებს, პროფესორებს, მასწავლებლებს და მკვლევარებს რაიმეს შესწავლა და სამეცნიერო დასკვნების გამოქვეყნება. სტუდენტები და პროფესორები თავისუფალნი არიან, აირჩიონ გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ნებისმიერი ფორმა, რომელიც, მათი აზრით, საუკეთესოდ შეესატყვისება მათი კავშირის - უნივერსიტეტის - საერთო მიზნებს და ამოცანებს.

No comments:

Post a Comment